logo
ENG



"უმთავრესი სააკაშვილის სიცოცხლის დაცვაა" - წოწორია სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს

11 ნოე 202112:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/11/eh1sa9n17u4ws0m.jpg

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს. როგორც იგი ამბობს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულებაა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად და რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა.

"39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 ("სიცოცხლის უფლება") და მე-3 ("წამების აკრძალვა") მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება. სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა", - ამბობს წოწორია.

მისივე განმარტებით, დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა. წოწორიას თქმით, სასამართლომ სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა) შეწყვიტოს შიმშილობა და მსგავსი პრეცედენტების პრაქტიკაში არსებობს. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია და, ამავე დროს, ურჩევს სააკაშვილს, რომ გაითვალისწინოს სტრასბურგის მოწოდება.

რაც შეეხება ინფორმაციის მოთხოვნას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, წოწორია განმარტავს, რომ ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სასამართლოს მხრიდან ციხეში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მითითებას წოწორია ასე განმარტავს:

"ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს. მთავრობამ მ.სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიკურ ვალდებულებაზე. მ.სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება "სათანადოდ", მომავალი გვიჩვენებს.

სამოქალაქო ჰოსპიტალში მ.სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა. მ.სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ, რომ ადეკვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მათ შორის საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს", - განმარტავს წოწორია.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პრიორიტეტად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხადოს და შეწყვიტოს ის კამპანია, რასაც აქამდე აწარმოებდა.

***

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რომ საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა არაფერს ამბობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილზე. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგმა სააკაშვილს "შიმშილობა მოსთოვა", რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გადაწყვეტილებაში მხოლოდ "მოწოდებაზეა" საუბარი. 

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა